ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი ახალგაზრდობაში შორეულ ციმბირში აღმოჩნდა და თავს ერთი სახალისო ისტორია გადახდა.
„20-22 წლის ბიჭი ვარ და პატრიოტული მოტივით ციმბირში მიმდინარე სამშენებლო პროცესში ჩავები. ჩვენი, ქართველების ჯგუფი, ერთ მოზრდილ რუსულ სოფელთან დაბანაკდა. მეორე დღეს შაბათი იყო და ნაწილი ლუდის ბარს ვეწვიეთ, რომელიც ცენტრში მდებარეობდა. დავლიეთ, გარეთ სკამზე დავსხედით და უცებ საოცარი სურათის მოწმენი გავხდით.
იქვე ერთადერთი აბანო იყო. ვხედავ, კარი გაიღო, ათამდე შიშველი ქალი გამოვარდა კივილით, სამი წრე დაგვარტყეს და უკან შეცვივდნენ! გაოგნებულნი ვართ, ხმას ვეღარ ვიღებთ. დავბრუნდით ბანაკში და ეს ისტორია მოვყევით.
– ხდება-ხოლმე, – დაგვამშვიდა ერთ-ერთმა, – ასეთ ადგილებში უცხოელებს ხშირად ეწყებათ ჰალუცინაციები და მოჩვენებებსაც ხედავენ.
– ე, ბიჭო, ნაღდი ამბავია! – მეწყინა.
– კარგი, ხვალ შევამოწმებთ.
თურმე რა ხდება – მთელი სოფელი იმ აბანოში დადის, შაბათი ქალების დღეა, კვირა – კაცების და მერე „პარნოიდან“ გარეთ დარბიან გასაგრილებლად. ურწმუნოების ნაწილმა მეორე დღეს, კვირას ცენტრს მიაშურა და ვხედავთ, დაფეთებულები მოცვივდნენ, ფერი არ ადევთ.
– დაგხოცავთ, თქვე აფერისტებო! – დაგვიბრიალეს თვალები.
– რა იყო, რა მოხდა? – შემიქანდა გული.
– რაღა რა მოხდა, მივედით, სკამზე დავსხედით, უცებ აბანოს კარი გაიღო და ათი ტიტლიკანა კაცი ჩვენსკენ გამოქანდა, ძლივს გამოვასწარით.“