რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ მოლდოვური კლუბის, ქალაქ ტირასპოლის „შერიფის“ უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემგზავრა. მწვრთნელი უკვე უკრაინაშია და მოხალისეების რიგებს შეუერთდა.
„ჩემი ახლობლები ცდილობდნენ ჩემს შეჩერებას, ჩემი ცოლი, შვილები, შვილიშვილები. მე მტკიცედ ვიდექი. მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთში მზად ვართ წავიდეთ იქ, სადაც გვეტყვიან.” – განაცხადა მან.
გუშინ ყაზანის „რუბინის“ რუსმა მეკარემ, იური დიუპინმა, ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
„უცხოელ ფეხბურთელებზე ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ, თუ ეს ყველაფერი ოჯახური მიზეზით იქნება განპირობებული. ზოგადად, ჩვენ უცხოელებს ვესაუბრებით. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგადაა, წამსვლელი ლეგიონერები ზაფხულში წავლენ, მანამდე ყველანი დარჩებიან“.
იმედია ხვიჩა კვარაცხელია თათრულ გუნდს თავს მალე დააღწევს და კარიერას რომელიმე ევროპულ გუნდში გააგრძელებს. ვრცელდება არაოფიციალური ცნობები რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი შოთა არველაძის „ჰალში“ ჩაირიცხება.
გუშინვე ცნობილი გახდა რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე თორნიკე შენგელია მოლაპარაკებას ყოფილ გუნდ „ბასკონიასთან“ აწარმოებს. შენგელიამ რუსული „ცსკა“ რამდენიმე დღის წინ დატოვა.
უკრაინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის შეხვედრის, სადაც შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდნენ, გადადება მოითხოვა.
„ფეხბურთი კონფლიქტის შუაგულში არაეფექტურია“, _ ნათქვამია განცხადებაში.
ამ მოთხოვნამ შეიძლება ფიფას პრობლემები შეუქმნას, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადიის კენჭისყრა 1-ელ აპრილსაა დაგეგმილი, ტურნირი კი 21 ნოემბერს დაიწყება. უკრაინა-შოტლანდიის შეხვედრა 24 მარტსაა ჩანიშნული, დღესდღეობით კი მთავარი მშვიდობაა და არა სპორტული აქტივობა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ძიუდოში თბილისის „გრანდ სლემი“ 25-27 მარტს აღარ ჩატარდება, უკრაინაში ომის გამო ის გადადებულია. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი თარიღიც ოფიციალურად გამოაცხადა – თბილისი „გრანდ სლემს“ 3-5 ივნისს უმასპინძლებს.
გუშინ უკრაინაში რუსულ აგრესიას კიდევ ერთმა რუსმა სპორტსმენმა გამოუცხადა პროტესტი.
„კატეგორიულად ომის წინააღმდეგი ვარ, ჩემი ფიქრები ახლა უკრაინელ ხალხთანაა,“ – განაცხადა ველომრბოლმა პაველ სივაკოვმა და გადაწყვიტა, რომ რუსეთის სახელით აღარ გამოვიდეს. ამიერიდან ის საფრანგეთის დროშის ქვეშ იასპარეზებს, რაზეც ველოსპორტის მსოფლიო ფედერაციისგან თანხმობა უკვე მიიღო. ეს ინფორმაცია სივაკოვის ბრიტანულმა გუნდმა „Ineos Grenadiers“ ოფიციალურად დაადასტურა.
მსოფლიოს ამჟამინდელი პირველი ჩოგანი, რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას ომის დაწყებიდან მეორე დღესვე გამოეხმაურა და მართალია, პუტინის გადაწყვეტილება ღიად არ დაგმო, მაგრამ ბევრი სხვა რუსი სპორტსმენისგან განსხვავებით, ომი საჯაროდ გააკრიტიკა.
გუშინ კი მედვედევი უფრო აქტიური გახდა. ომის მეცხრე დღეს, აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულმა „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე, პროფილის აღწერაში რუსეთის დროშა წაშალა. სქრინშოთებზე ჩანს, რომ მედვედევს რუსეთის დროშის ემოჯი პროფილის აღწერის დასაწყისში ჰქონდა ჩასმული, ახლა კი ის აღარ მოჩანს.
უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რუსეთის საფეხბურთო გუნდები და ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორეს და მალე, შესაძლოა, რუსეთის მოსახლეობას ფეხბურთი ტელევიზორშიც აღარ აყურებინონ.
მსგავს სანქციაზე უკვე ფიქრობს ინგლისური პრემიერლიგა, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმაც საინტერესო განცხადება გაავრცელა.
„ვადასტურებ, რომ ეს საკითხი განიხილება. რუსეთში მატჩების ტრანსლაციის შეწყვეტაზე ან შეჩერებაზე სერიოზულად ვფიქრობთ. ამ თემაზე სწორედ ამ დღეებში ვმუშაობთ“.