მსახიობი გურამ ფირცხალავა ერთხელ მოსკოვში ერთობ „ორიგინალურ“ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„დღეს რუსეთის თემაა აქტუალური და იქაურ ერთ კურიოზს მოგიყვებით.
1980-იანი წლებია, ახალგაზრდა ვარ, კავკასიური სისხლი მიდუღს. რუსმა ქალბატონებმა საქეიფოდ დამპატიჟეს და უარს რა მათქმევინებდა? ერთმა წინასწარ მთხოვა:
– გურამჩიკ, დარაგოი, ათ ქალში მარტო თქვენ იქნებით კაცი და რომ არ მოიწყინოთ, ჩემს ნაცნობს წამოვიყვან, დიდხანს იჯდა ციხეში, ცოდოა.
– კეთილი, – დავთანხმდი.
მოკლედ, მიდის გაქანებული ქეიფი, მინდა, ქალების მთელი ყურადღება მარტო ჩემსკენ იყოს და დავიწყე ფოკუსების კეთება. რა ვიცი, ხან რა მოვიგონე, ხან რა, თავდაყირამ შლანგითაც კი დავლიე ღვინო და ეს ქალები სულ გავაგიჟე. მიკრავენ ტაშს, კივიან, წივიან, არის ერთი ამბავი, იმ მეორეს ზედაც არ უყურებენ და უცებ, წამოდგა.
– მე მინდა, გურამი ვადღეგრძელო, – არყის ჭიქა ასწია.
– დაჯექი მანდ, – დაუცაცხანეს ქალებმა, – დალევა მერე, ვერ ხედავ, რა ფოკუსებს აჩვენებს?
დაჯდა საცოდავი სახით, ხმა არ ამოუღია. მე ჩემს სტიქიაში ვარ, ქალები თვალს აღარ მაშორებენ და ის ღმერთგამწყრალი ისევ წამოხტა:
– უფლება მომეცით, ამ ჭიქით…
– დაჯექი! – ეტაკნენ. ისე მოიბუზა, შემეცოდა.
– გისმენთ, ბატონო, – მეც ავიღე ჭიქა. რუსმა დამლოცა და…
იცით, რა გააკეთა? ჭიქა ზევით აიქნია, არაყი ჰაერში ერთ ზოლზე დადგა, მერე ქვემოდან პირი შეუშვირა და დალია, წვეთი არ ჩამოვარდნილა! ორსაათიანი შრომა წყალში ჩამიყარა, ჩემი ფოკუსები, იმ ნომერთან შედარებით, მაიმუნობას ჰგავდა. ეტყობა, ციხეში ჰქონდა ნასწავლი. ქალები ჭკუიდან გადავიდნენ, ვიღას ახსოვს შენი „დარაგოი“ გურამჩიკა, ათივე იმ უპატრონოს მიაჩერდა! აუ, მომეშალა ნერვები, ამან მე როგორ უნდა მაჯობოს-მეთქი?
ტუალეტში გავედი, ჭიქა გავიტანე, წყალი მოვუსვი და ვიკლავ თავს, როგორმე მისი ნომერი გავიმეორო. მოვკვდი, დავიტანჯე, არაფერი გამომდის! დავბრუნდი უკან დათრგუნვილი და ის უპატრონო ირონიით მეკითხება:
– ნუ, ჩტო, ტრენიროვალსია?
– კაკ უზნალ? – დავაღე პირი.
– საროჩკა ი ბრიუკი მოკრიე, – მთლად მომიღო ბოლო.
ვიღას ახსოვდა ქალები და დროსტარება, ორ წუთში უკვე ქუჩაში გავრბოდი“.