შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს ,,გურია ნიუსი“ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ესაუბრა.
„დიდი ხანია ვსაუბრობთ იმ ცვლილებებზე, რაც დავგეგმეთ. საუბარია, ზოგადი უნარების ტესტის ფორმატში ცვლილებაზე და მე პირადად ვფიქრობ, რომ ყველა აბიტურიენტისთვის ეს ცნობილია. მოგეხსენებათ, ანალოგიების ნაწილი გაერთიანდება წაკითხულის გააზრების ნაწილთან. მცირედი ცვლილება შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტის შეფასების სქემას, კერძოდ, უფრო მეტად გაკეთდება აქცენტი აბიტურიენტის შემოქმედებითი უნარის შეფასებაზე. რაც შეეხება თვითონ ლოჯისტიკის ნაწილს, შესაძლოა, შეიცვალოს საგამოცდო ქალაქები და ცენტრები, თუმცა, ამასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას აბიტურიენტებს მივწვდით რეგისტრაციის დაწყების წინ“,- განაცხადა მიმინოშვილმა.
როგორც ცნობილია, აბიტურიენტს გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეეძლება საკუთარი კალამი მიიტანოს საგამოცდო ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ხელმძღვანელს ვკითხეთ _ რამ განაპირობა არსებული ცვლილება?
,,რიგ შემთხვევაში, კარგად არ მუშაობდა მექანიზმი, როცა 12 ათას და 15 ათას კალამს ყიდულობ არის დიდი შანსი იმისა, რომ გარკვეული კალამთა რაოდენობა არ გამოდგეს. ჩვენ მივაწვდით აბიტურიენტებს ზუსტ ინფორმაციას, როგორი კალამი შეეძლებათ შეიტანონ გამოცდაზე პასუხების შესავსებად. ბუნებრივია, აბიტურიენტს თავისი კალმის მიტანის უფლება ექნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მისი კალამი არ გამოდგება ნუ ინერვიულებს ახალს დავახვედრებთ“, _ გვითხრა მიმინოშვილმა.
ცნობისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, _ ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.