ჯერჯერობით აუხსნელი და უცნაური ფენომენი დაფიქსირდა კუნძულ სიცილიაზე: ბოლო პერიოდია ციფრული ელექტრონული საათები 10-20 წუთით წინ „გარბიან“.
მართალია, კუნძულის მცხოვრებლები ჯერჯერობით მხოლოდ მცირე უხერხულობაში ვარდებიან, მაგრამ სიტუაცია, შეიძლება, კრიტიკული გახდეს – წყობიდან გამოვიდეს საბანკო სისტემები. კუნძულის სხვადასხვა ზონაში ერთდროულად ათასობით ელექტროდანადგარის „გაგიჟების“ ლოგიკური ახსნა ვერ მოიძებნა.
თუმცა, კატანიის ელექტროტექნიკის უნივერსიტეტის კათედრის სპეციალისტების ვერსია ჭეშმარიტებასთან ახლოსაა: ანომალიის მიზეზი რადიომოყვარულთა გახშირებული ექსპერიმენტები, წყალქვეშა კაბელების სარემონტო სამუშაოები, მზის პანელების დარეგულირება და სხვა მსგავსი მოვლენებია.
ზოგიერთი სიცილიელი კი, ისევე, როგორც ბევრ სხვა უბედურებაში, ამჯერადაც ეტნას ადანაშაულებს: უკანასკნელ ხანს მიძინებული ვულკანი ძალიან გააქტიურდა და, შეიძლება, სწორედ ეს იყოს მაგნიტური გამოსხივების წყარო, რაც საათებზე მოქმედებსო.