„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„იმისათვის, რომ არავის დარჩეს დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმეზე საუბრის საბაბი, მე გთავაზობთ, რომ დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავგზავნოთ ეს საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში. შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა იანვრის ბოლომდე და მეორე მოსმენამდე დაველოდოთ მათ პოზიციას და შემდეგ განვაახლოთ განხილვები. ანალოგიურად შეიძლება მოვიქცეთ მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო ცენზს. ასეთ შემთხვევაში არანაირი არ დარჩება ამ კანონპროექტების კრიტიკისთვის. დღეს ვუყაროთ კანონპროექტებს კენჭი პირველი მოსმენით და შემდეგ დაველოდოთ შეფასებებს“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი დღეს დაჩქარებული წესით, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით გავა.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.