გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ წვრილფეხა სახეობებს, დიდი მზრუნველობა სჭირდება. განსაკუთრებით აუცილებელია მომთაბარე პირუტყვისთვის კანის ბორას საწინააღმდეგო დამუშავება, რასაც იწვევს მთაში გავრცელებული ბუზი ცეცე და პირუტყვს გვიანობამდე რჩება გარეგან სხეულზე, ბალნის არეებში მისგან გამოწვეული დაავადება. ფერმერებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ვეტაფთიაქებს და შესაბამისი პრეპარატით კარგად დაამუშაონ პირუტყვის, კონკრეტულად, ძროხების თუ ცხენების გარეგანი ადგილები.
გაზაფხულიდან, ასევე, უნდა დაიწყოს და ყოველ 15 დღეში ეტაპობრივად გახორციელდეს პროფილაქტიკური აცრები. ამ საქმეს, ბოლო წლების მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით, კარგად უძღვება სურსათის ეროვნული სააგენტო, თუმცა, ჩვენს მკითხველებს, სოფლებში მცხოვრებ მეურნეებს, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საგაზაფხულოდ გამოზამთრებულ პირუტყვს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. თურქული, ციმბირის წყლული, პასტერელოზი და ემკარი _ ამ დაავადებების შესახებ სპეციალისტები მუდამ იძლევიან საგანგებო გაფრთხილებას და ყურადღების მობილიზებაა საჭირო.
რაც შეეხება ღორს, აუცილებელია პასტერელოზის და წითელი ქარის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა. ჰელმინთების _ ჭიების _ საწინააღმდეგო წამლობა ანუ დეჰელმინთიზაცია გაზაფხულზე აუცილებელია, თუ გვინდა პირუტყვი უსაფრთხოდ გვყავდეს და ამასთანავე ზრდის ტემპი არ შეანელოს.
ჩვენს ფერმერებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ კარგად იციან, ღორის ჭირის სახელით ცნობილმა დაავადებამ როგორ დააზარალა მათი ეკონომიკა. პროფილაქტიკურმა ღონისძიებებმა მეღორეობის საქმე ცოტათი მოაცოცხლა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, დაავადება გაქრა. უმჯობესია, თუ ღორები სპეციალურად შემოღობილ სადგომებში გვეყოლება.