შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ორი სარიტუალო დარბაზი დალუქა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.
ხსენებული სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით“,_ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.