შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით 2018 წელს განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, 2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოიკვეთა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც აჭარბებს 2017 წლის სრულ მონაცემებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სიძულვილის მოტივის ნიშნით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2018 წელს აღნიშნული მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 53 პირი დააკავა. 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გაიზარდა გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა“,_გაცხადა თოლორაიამ და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი.
უწყების ცნობით, სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა 39 პირი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით – 10 პირი, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კი – 4 პირი. დაკავებულ პირთა უმრავლესობას ბრალი ედებოდა ძალადობის ჩადენაში.

































































