თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე საავტომობილო მოძრაობა 8 თებერვალს 24:00 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე აიკრძალება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება, მოძრაობის აკრძალვა საგზაო პანდუსის მშენებლობას უკავშირდება.
უწყების ინფორმაციით, ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
„დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით;
ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს.
მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს“,_წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 9 თებერვალს, 08:00 საათის შემდეგ მოიხსნება და ავტოტრანსპორტი მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.