შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შატილის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და ისინი დახმარებას საჭიროებდნენ. უცხოელთა 17 კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა ვერ ხერხდებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაემართა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ვერ მოხერხდა და მაშველებმა დაკარგული ტურისტების ძებნა ქვეითად განაგრძეს.
ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
მაშველებმა ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს.
ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ხუთივე უცხოელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად ისინი, 17 კაციანი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, თბილისში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დუშეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 4 უცხოელი ტურისტი იპოვეს, რომლებსაც გზა აებნათ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამჟამად ისინიც უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფერენებმა შატილის მიმართულებით დღეს რამდენიმე რეისი განახორციელეს და ადგილზე დარჩენილი 80-მდე ტურისტი ბარისახოში გადმოიყვანეს.