საქართველოს პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირმა, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წელს, გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 – დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,_ აცხადებს პროკურატურა.































































