სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. გარდა ამისა, ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დაკავებულია ჯ.ჯ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვ.ც.-მ, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: ვ.ც., ზ.ზ. (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ზ.მ. და ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც (ზურაბ ზვიადაურმა), რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – “სტეჩკინის” ტიპის პისტოლეტი და “საიგას” ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.