28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ს ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული.
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, მიმდინარე აქციების გაშუქებისას შსს-ს ძალებმა მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს ტექნიკაც.
ერთ-ერთი მედიაგამოცემა, რომლის ჟურნალისტებაც შსს-ს ძალებმა აპარატურა წაართვეს „პუბლიკაა“.
30 ნოემბერს სპეცრაზმმა ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაარტყა და ტელეფონი წაართვა. როგორც მსხალაძე მაშინ ჰყვებოდა, მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა.
წინა ღამით, 29 ნოემბერს 2 კამერა თავისი ლინზებით წაართვეს ალექსანდრე ქეშელაშვილსაც. ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და სცემეს.
„პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის განცხადებით, ის შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა და სთხოვა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როდის დაუბრუნებდნენ წართმეულ ნივთებს.
„მათ მითხრეს, რომ გაარკვევდნენ და მას შემდეგ არკვევენ, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ ეს ნივთები რაიმე სამართლებრივი პროცედურით კი არ არის ამოღებული, როგორც დაკავების დროს ხდება ხოლმე. ლექსო [ქეშელაშვილი] ხომ დააკავეს, ნივთები კი არ ამოიღეს და ოქმი კი არ შეადგინეს, არამედ წაართვეს, გაძარცვეს.
ასევე, მოგვპარეს ტელეფონი ოღონდ ყაჩაღებმა და შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი გზა იმისა, რომ ეს ნივთები დავიბრუნოთ, არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ეს ქურდები, ვინც წაგვართვა, გამოვავლინოთ“.
ვარდიაშვილის თქმით, გამოცემას ტექნიკის დაბრუნების მოლოდინი არ აქვს, რაც მათთვის დიდი დანაკლისია.
„სულ ოთხი პროფესიონალური კამერა გვქონდა და აქედან 2 წაგვართვეს. გაგვინახევრეს რესურსი. ეს ჩვენნაირი პატარა გამოცემისთვის დიდი დარტყმაა, რადგან როდესაც სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს და გვჭირდება სხვადასხვა ჟურნალისტის გაგზავნა, რესურსი შეგვიმცირდა და იძულებულები ვართ, რომ ტელეფონით გადაღებაზე გადავიდეთ, რაც იგივე ხარისხს არ იძლევა“.
3 დეკემბერს სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტსაც. როგორც ნინო რამიშვილი ჰყვება, ის აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმი მიუახლოვდა. რამიშვილს ეკეთა პრესის მაიდენტიფიცირებელი ბეიჯი და მათ სიტყვიერადაც განუმარტა, რომ ჟურნალისტი იყო, თუმცა ამის მიუხედავად ჯერ გადაღებული მასალის წაშლას სთხოვდნენ, ბოლოს კი ტელეფონი გასტაცეს. რამიშვილის თქმით, მედიასაშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მაშინვე დაუკავშირდა, ოფიციალურად განაცხადა 112-შიც.
ნინო რამიშვილმა იმავე დღეს, 3 დეკემბერს, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ალექსანდრე დარახველიძესაც მიაწოდა და ბრიფინგზე ჰკითხა: „თქვენი თანამშრომლების მიერ გატაცებული ტელეფონი არის ამ შენობაში, ჟურნალისტებზე დევნა არის თქვენი მიზანი? და რატომ არ მიბრუნებთ ტელეფონს?”
დარახველიძემ თქვა, რომ მისთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიძიოთ თქვენი ტელეფონი და დაგიბრუნოთ“, – უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტს.
„ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და მით უმეტეს, იმ მოწყობილობის წართმევა, რომლითაც იღებ ვიდეოს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო, უშუალოდ ვინც წამართვა, მათი მხარის დანაშაულის დაფარვის მცდელობაც იმიტომ, რომ მე ვიღებდი, თუ როგორ სცემდა სპეცრაზმელი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს“, – ამბობს ნინო რამიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
რამიშვილის შეფასებით, ის რომ მინისტრის მოადგილემ ამ კონკრეტული ამბის ცოდნა თავად დაადასტურა და ტელეფონს მაინც არ უბრუნებენ, კიდევ უფრო დიდი დანაშაულია.
„მით უმეტეს, მე მაქვს მტკიცებულება, რომ ჩემი ტელეფონი, მას შემდეგ რაც წამართვეს, მეორე დილიდან შსს-ს შენობაშია…როდესაც გაიგო პასუხისმგებელმა უწყებამ, რომ წამართვეს ტელეფონი, წაიღო და დაიტოვა თავისთან. ეს ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის განხორციელებული ზეწოლაა“.
7 დეკემბერს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული და ნიღბიანი უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს. ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გატაცებული იყო სამაუწყებლო აპარატურაც.
„ტვ პირველის“ ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განმარტებით, გატაცებულია გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ვიდეოკამერა, რონინი (ვიდეო სტაბილიზატორი), ვიდეოკამერის სათადარიგო ობიექტივი და მიკროფონი თავისი მიმღებით.
„ჰქონდათ მცდელობა, გაეტაცებინათ პირდაპირი ჩართვის მოწყობილობაც, ეს ჩანს კადრებშიც, რომ გლეჯდნენ ზურგჩანთას, რომელშიც ეს გადამცემი იყო, უბრალოდ ვერ მოახერხეს“.
ნოდარ მელაძის თქმით, აქციების დარბევისას დაზიანდა ტელეკომპანიის სხვა აპარატურაც, რომელთა ნაწილიც აღდგენას არ ექვემდებარება.
„მედიაჩეკერის“ კითხვის საპასუხოდ, დაუკავშირდა თუ არა წართმეულ ტექნიკასთან დაკავშირებით ტელეკომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მელაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი, ქეთევან კოვზიაშვილი თვე-ნახევარია „ტვ პირველთან“ ბოიკოტის რეჟიმშია.
„ჩვენ გამოვითხოვეთ ამ უწყებიდან ოფიციალური დოკუმენტი, გვაინტერესებს, რას ეფუძნება ბოიკოტის რეჟიმში, რომ გადადის საჯარო უწყება, ამას სამართლებრივი საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. წერილებზეც კი არ გვპასუხობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთან სულ რომ აფეთქება მოხდეს და შსს-ში დავრეკოთ, 112-ის გარდა, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. შესაბამისად, ყველანაირ შესაძლებლობას მოკლებული ვართ, მათთან რაიმე ინფორმაცია დავაზუსტოთ“.
„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ჯანო ჭკადუას განცხადებით, ჟურნალისტებს კამერებსა და ტელეფონებს დაკავების გარეშე ართმევენ და შემდეგ ეს ნივთები იკარგება. იურისტი მომხდარ შემთხვევებს ძარცვად აფასებს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ძარცვის მუხლის დამატებაც მოითხოვა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ნივთების ჩამორთმევის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული შემთხვევების დროს, ადგილი ჰქონდა ისეთ დანაშაულებრივ ქმედებას, როგორიცაა ძარცვა. ვინაიდან ყველა შემთხვევაში გადასაღები აპარატები, ტელეფონები ძალის გამოყენებით წაართვეს…ყველა ჟურნალისტი, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა, განმარტავს, რომ ეს ნივთები ძალისმიერი მეთოდით წაართვეს“.
„მედიაჩეკერი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურებსაც. მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება.
28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზეც.
წყარო: mediachecker.ge