დღეს, დილაადრიან განსაკუთრებული ფუსფუსია ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე და იქვე ახლოს მდებარე ბაზარში.
აქაურები ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან, დღევანდელ ამინდს ემადლიერებიან, ვისაც ახსენდება, ერთმანეთს სვეტიცხოვლობას ულოცავენ და ძირითადად სიძვირესა და საშემოდგომო ჭირნახულის ფასებზე საუბრობენ: „შუაგული შეოდგომაა და ჯერ არაფერი გამიკეთებია“, „ცოტა სიიაფეა და უნდა მოსწრებაზე ვარ, ზამთრის შესანახავებს, შეჭამანდს, ძირითადად ახლა ვაკეთებ“…
_გუშინ 4 თეთრით კიდევ გაძვირდა ბენზინი. ახალქალაქიდან რომ ეს კარტოფილი ჩამოვიტანე, ახლა იქეთ რომ წავალ, გაძვირებული ბენზინი უნდა ჩავასხა, _ გვითხრა მანქანის ძარაზე, კარტოფილის გროვასთან მოკალათებულმა გამყიდველმა და ასეთი კარტიფილი 1,20 ლარად იაფიაო , მოწყენილმა თქვა.
ასე თუ ისე, დილიდან ოზურგეთში, შედარებით მართლაც ნაკლები ღირს სხვადასხვა აგრარული კულტურა, რაზეც საშემოდგომოდ მოთხოვნა დიდია: ერთი კილოგრამი მწვანე ლობიოს ყიდვა 1,80 ლარად არის შესაძლებელი, ხახვის_ 1,30 თეთრად, მწარე წიწაკა _ 4 ლარად (წინა დღეებში 5 ლარი ღირდა), ბულგარული წიწაკა ერთ ლარად, ნიორი სხვადასხვა ფასი ღირს, თუმცა ერთი კილოგრამის ფასი სამი ლარიდანაც იწყება. სხვადასხვა სახის მწვანილეული,(ქინძი, ოხრახუში, ნიახური, ცერეცო…) ერთი კილოგრამი 14 ლარი ღირს. გაუტეხავი კაკალი, რომელსაც ქართულს ეძახიან, ერთი კილოგრამი 6-7 ლარი ღირს.
კვლავ გაძვირებულია რძის ნაწარმი. ერთი კილოგრამი ყველი 12 ლარი ღირს, ნადუღი _ 5 ლარი. ერთ ლიტრ რძეს 2 ლარად ყიდიან. სოფლის ქათმის კვერცხი , ერთი ცალი 50 თეთრი ღირს.
[sexy_author_bio]