მას შემდეგ, რაც ავტობანზე მომუშავე ჩინურმა კომპანიამ „სინოჰიდრომ“ ფულადი კომპენსაციის გაცემაზე უარი უთხრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის მოსახლეობას, ადგილობრივებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კომპანიის კუთვნილ მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მოსცეს.
ადგილობრივები კომპანიისგან უსაფრთხოებს ზომების დაცვასა და მიყენებული ზარალის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვდნენ. მოსახლეობის თქმით, მძიმეწონიანი მანქანების ხსრი გადაადგილების გამო მთვერი და ხმაური აწუხებთ, საცხოვრებელი სახლის კედლები კი დაიბზარა.
აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძე მივიდნენ.
მერმა აქციის მონაწილეები შემდგომი მოლაპარაკებისთვის საკუთარ კაბინეტში მიიწვია, რის შემდეგაც ავტობანზე მომუშავე მძიმეწონიან მანქანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ.
მერის კაბინტში დათქმულ მოსახლეობასთან შეხვედრას კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გარდა საგზაო დეპარტამენტისა და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ცხარე კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ მუხლობრივად ჩამოყალიბებული მოსახლეობის მოთხოვნები შემდგომი რეაგირებისთვის საგზაო დეპარტამენტს გადაეგზავნება.
„ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ მსოფლიო დონის გზის მშენებლობას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, არ უნდა დაზარალდეს მოსახლეობა. სწორედ ამიტომ ვხვდებით ერთმანეთს, რომ სიტუაცია განიმუხტოს. იმედია, არცერთი მხარე არ იქნება უკმაყოფილო“, -ამბობს სარიშვილი.































































