შვედეთში კატა მეტსახელად ოსკარი, სამართალდამცავებმა პროდუქტების ქურდობისთვის დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი “The Local” იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, კატას ერთ-ერთმა ოჯახმა უჩივლა, რომელსაც ასევე ჰყავს სახლში კატები.
დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ მაწანწალა კატა რეგულარულად ესხმოდა თავს მათ ფისუნიებს და საჭმელს ართმევდა.
დაჩაგრული კატების პატრონებმა მჩაგვრელის დასაჭერად ხაფანგი დააგეს. დაჭერილი კატა მათ პოლიციას გადასცეს.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ მაწანწალა კატა რეალურად “ფუმფულა და მოვლილი” იყო. სწორედ ასე აღწერა ოთხფეხა ცხოველი პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
კატამ ღამე გისოსებს მიღმა გაატარა. მეორე დღეს კი, ოსკარს მისმა პატრონმა მიაკითხა.