გორში, რკინიგზის სადგურში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ამბობენ, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა, კერძოდ დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში და დაღუპულია მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, დაცვის სამსახურის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის, მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჩვენ საქართველოს რკინიგზას დავუკავშირდით, იქ დაგვიდასტურეს, რომ ხანძარი დაცვის სამსახურისთვის განკუთვნილ ოთახში გაჩნდა. იგივეს ამბობს, მაია მუჯარიძე, მერის წარმომადგენელი სადგური – ელექტროფიკაციის დასახლებაში.
“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. გარდაცვლილია ამირან გოგაძე, ჩვენი მაცხოვრებელი. როგორც მახსოვს, ამირანი 1959 წელს დაბადებულია. ხანძარი გაჩნდა გორის რკინიგზაში, რამ გამოიწვია ხანძარი, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. რომ მივედით შემთხვევის ადგილზე იქ უკვე მუშაობდნენ სამართალდამცავები და ექსპერტები, ამიტომ ახლოს არ გაგვაკარეს. მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ამირანი ადგილზეა გარდაცვლილი, ცხედარს გადაფარებული ჰქონდა და ამიტომ ვერ გეტყვით რა დაზიანებები აქვს, უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ძალიან განვიცდი, ჩემი ახლობელია და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს ამ ტრაგედიას. დაცვის თანამშრომელისთვის განკუთვნილ ოთახშია ეს სამწუხარო ამბავი მომხდარი. რკინიგზის შენობაა, გვერდითა მხრიდან იყო დაცვის ოთახი, გარედან ჰქონდა შესასვლელი კარი. ცალკე არ დგას, თვითონ შენობაშია ოთახი და იქ არის მომხდარი. აქვე ახლოს, სადგურის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ძალიან კარგი ოჯახი აქვს, მისი შვილიც იქ მუშაობს და როგორც ვიცი, დღეს მორიგე იყო და შეესწრო ამ უმძიმეს ფაქტს. ძალიან კარგი ადამიანი იყო ამირანი, წყნარი, მეოჯახე, მართლა კარგი პიროვნება და კარგი მოქალაქე. როცა მივედი ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო და გამომწვევი მიზეზები ალბათ მალე გახდება ცნობილი”.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
წყარო: kvilispalitra.ge