ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კოსტავამ “ქრონიკისთან” სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.
გასულ კვირას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.
საქმე ეხება ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.
მომხდარის გამო საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.