ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ლელა ჩახვაძე, რომელიც რამდენიმე წელია, ემიგრაციაშია, საფრანგეთში გარდაცვლილ თანაქალაქელზე, ბაჩო ხვედელიძეზე წერს. „ჩემთვის ყველაზე მძიმე ღამე გათენდა, აფრინდა „თბილისი-სტამბული-პარიზი”, მე, ჩემი უმცროსი შვილი და შვილიშვილები ვტოვებდით ჩვენს სათაყვანებელ სამშოლოს. სევდა, გაურკვევლობის შიში, ბუნდოვანი მომავალი მიფორიაქებდა სულსა და გულს. მივდივარ საფრანგეთის სახელმწიფოსა და ერთადერთი ნაცნობის, ლაშა ელიაძის იმედზე (მაშინ მხოლოდ აქციებიდან ვიცნობდი შორიდან).
ქალაქ რეიმსში ლაშას თავის სახლში ავყავართ და ჰოი, საოცრებავ, იქ გვხვდება ჩვენი მიწა-წყლის ახალგაზრდა, ლანჩხუთის მკვიდრი _ ბაჩო (ლევან) ხვედელიძე. სანამ საკუთარ ბინას მოგვცემენ, თითქმის ერთი თვე ბიჭებმა შეგვიფარეს, გულითადი მასპინძლობა გაგვიწიეს და ვხედავ, ორთავე მოსიარულე სიკეთე ბიჭია“ _ იხსენებს საფრანგეთში ჩასვლის პირველ დღეებს ლელა ჩახვაძე.
ლანჩხუთელი პოლიტიკოსი იმ სიკეთეებს იხსენებს, რასაც ბაჩო ქართველებისთვის აკეთებდა: „ჩვენ სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს, მაგრამ ერთი წუთი არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. ყველა დღესასწაულს ბიჭებთან ვხვდებით და ისინი გვიადვილებენ ჩვენი ყოფის პირველ თვეებს. ლაშა რეიმსიდან წავიდა და დაგვრჩა ბაჩო. მერე აზაც ჩამოვიდა _ ბაჩოს დედა და ჩვენც გადმოგვიყვანეს რეიმსში. პირველად მე და გვანცამ უმძიმესი დღეები გავიარეთ და ჩვენ გვერდში აზა და ბაჩო იდგნენ უპირველესად. და ასე, ერთ ოჯახად მოვდიოდით 3 წელი და 8 თვე… ამ დროის განმავლობაში ვხედავ ბაჩოს გაკეთებულ უამრავ სიკეთეს, საქართველოდან ჩამოჰყავს ჯანმრთელობაშელახული ადამიანები, აცხოვრებს მასთან, დაჰყვება საავადმყოფოებში და მოკლედ რომ გითხრათ, რეიმსში ყველაზე დიდი სიკეთის მკეთებელი ბიჭია.
არ დაგავიწყდეთ, ექიმებთან კარგი ურთიერთობის შემდეგ, ბევრ მათგანს სთხოვს, გამოწეროს წამლები, რომლებიც საქართველოში დიალეზზე მყოფებს არ აქვთ, 1500 ევრო ჯდება კვირაში და აგზავნის საქართველოში სრულიად უსასყიდლოდ, გაგზავნის ფულსაც თვითონ იხდიდა, მიუხედავად მისი ფინანსური მდგომარეობისა. ამ ყველაფერში მისი დედიკო უწყობდა ხელს. აუარებელი სუფრები… მხოლოდ თავისი კი არა, სხვისი სტუმრების მასპინძლებიც იყვნენ. პატივისცემა არ აკლდათ არავისთვის. ყველას უყვარდა ეს გურული იუმორით, ნათელი ხასიათის და სიკეთის ბიჭი რეიმსში. თავისი სამშობლოს უღირსეულესი დესპანი იყო საფრანგეთში, სამშობლოზე შეყვარებული ბაჩო. გულის მხარეს საქართველოს, მეორე მხარეს საფრანგეთის დროშა ეხატა. არ შეშლია არც საფრანგეთის სათანადო დაფასება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე და თვლის, რომ გურულებმა უნდა იცოდნენ, რა ბიჭი ჰყავდათ: „აი, ასეთი იყო ბაჩო, მინდოდა, გცოდნოდათ… იგი უბრალოდ ახალგაზრდა არ ყოფილა.
36 წლის დიდი ადამიანი და პიროვნება იყო. ამიტომაც ორდღიან პანაშვიდზე საფრანგეთში ხალხი არ წყდებოდა… ყველა, მამაკაცებიც კი გულიანად, ცხარე ცრემლებით დასტიროდნენ და ეფერებედნენ ჩვენს საამაყო ბიჭს. არამარტო ქართველები, ალბანელი, იეზიდი, სომეხი, აფრიკელი მეგობრები და ის, რაც სამედიცინო პერსონალმა გააკეთა, ნამდვილად უპრეცედენტო იყო: ბაჩოსათვის პატივის მიგება, დედის გამხნევება სახლში მისვლით. ბაჩოს ფრანგი ექთნის შვილი უგო ნიგოითშიც ჩამოვიდა და ბოლო გზაზე გააცილა. ასეთი თანამემაულე გვყავდა, ჩემო ლანჩხუთელებო, რომელიც ძალიან დააკლდა არამარტო ჩემს ოჯახს, არამედ მთლიანად რეიმსის ქართველობას“.
მისივე თქმით, 40 კილომეტრი გამოიარა მამა ამბროსიმ და გულიდან აღმოხდა, ეს ბიჭი კი არა, აქ ანგელოზი წევს და უფალთან იქნება მისი ლამაზი სულიო. 35 წლის ბაჩო ხვედელიძე ლანჩხუთიდან, სოფელ ნიგოითელი გახლდათ და საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, მოულოდნელად, ძილში ინსულტი მოუვიდა და სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა.


































































