ინფექციონისტი, კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ საკმაოდ ხშირია სწრაფი და PCR ტესტირების შედეგად მიღებული ცრუ პასუხები. ინფექციონისტი ამბობს, რომ თუ პირს გააჩნია სიმპტომები, როგორიც არის ხველება, სურდო, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდა თუ არა მას ტესტირებით კოვიდინფექცია, ის სხვებს უნდა მოერიდოს.
“ხშირია არა მხოლოდ პირველ ეტაპზე, არამედ ზოგადად – ანტიგენნეგატიური და PCR-ნეგატიური პაციენტებიც კი ძალიან ბევრია, ამიტომ, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდება თუ არა კოვიდი ლაბორატორიულად, ის მაინც უნდა ეცადოს, რომ მოერიდოს სხვებს, თუნდაც იმიტომ, რომ თუ სიმპტომები აქვს, ე.ი. რომელიღაც რესპირაციული ინფექცია მაინც აქვს.
ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ და ამიტომ აქვთ სიმპტომები. ასეთი რაღაც არ არსებობს – გაციება ყველა შემთხვევაში არის რომელიღაცა ვირუსი, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, ტესტი რას აჩვენებს, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომები: ახველებს, აქვს სურდო და ნამდვილად გრძნობს თავს ავად, აქვს ინფექცია, უნდა მოერიდოს სხვებს – ეს არის მარტივი წესი,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.