დღეს ჩოხატაურში კორონავირუსზე „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინა 18 წელს ზემოთ ადამიანებზეა გათვლილი და ის რიგით მეოთხე ვაქცინაა, რომელიც საქართველოში შემოვიდა.
ჩოხატაურის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეს უკვე 30 ადამიანი აიცრა.
„დღეში 30 ადამიანი იცრება. გათვლილია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებზე. ერთ დოზიანი ფლაკონებია. რამდენი ადამიანიც მოვა, იმდენს ავცრით. აცრილ მოქალაქეებს გართულებები არ დაფიქსირებიათ“,_ გვითხრა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, ჩოხატაურში „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრები უკვე დაწყებულია. ჯამში აღნიშნული ვაქცინა 169 ადამიანს აქვს ჩოხატაურის მასშტაბით გაკეთებული.
რაც შეეხება „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ აცრილი ადამიანების ზუსტ რაოდენობას, ამ დროისთვის მათი რიცხვი უცნობია, რადგან აღნიშნული ვაქცინების გაკეთება ჩოხატაურში შესაძლებელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 17 მარტს დაიწყო, მაგრამ პროცესი რამდენიმე დღეში შეწყდა. აცრა მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა 26-მა ადამიანმა შეძლო. ამჟამად „ასტრაზენეკათი“ აცრა გურიის მასშტაბით ოზურგეთშია შესაძლებელი. რაც შეეხება „ფაიზერს“ ის მხოლოდ რამდენიმე ქალაქზე გადანაწილდა. აცრა სულ 6 კლინიკაშია შესაძლებელი, აქედან 4 ამცრელი ცენტრი თბილისში, თითო-თითო კი – ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს.