დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, არსებული ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატმა ორი თანასოფლელი ცივი იარაღიათ დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რაც ფიზიკურში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, დეპუტატს ძმები ჭინჭარაულები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც 38 წლის გიორგი ჭინჭარაულმა დანა თავდაცვის მიზნით გამოიყენა. არსებული ინფორმაციით, გუშინ სოფელში დღეობა აღნიშნეს და ძმები ჭინჭარაულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გულ- მკერდისა და თავის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით მოათავსა. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დაშავებულები თბილისში, ქართულ- ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკისების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
დეპუტატი დაკავებულია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი – 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
წყარო: იმედინიუსი