ოზურგეთში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმე რჩება, _ამის შესახებ “გურია ნიუსთან” კომენტარი სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურში გააკეთეს.
“მოზარდს გუშინ (28 ივნისს) ჩაუტარდა ოპერაცია. მისი მდგომარეობა უცვლელია _ არის სტაბილურად მძიმე. იმყოფება მართვით სუნთქვაზე”, _ გვითხრეს სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ოზურგეთში 27 ივნისს მოხდა. მოზარდი, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში პნევმატური იარაღით აქვს მიყენებული, მეგობრის სახლში იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭებს ერთმანეთთან დაპირისპირება არ ჰქონდათ და ისინი კარგი მეგობრები არიან.
ფაქტის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. მათ შორის ერთ-ერთი არ გამორიცხავს ბიჭებს შორის მოპედის გამო დაპირისპირებას. მეორე ვერსია კი, შემთხვევითობას უკავშირდება და ამბობენ, რომ მეგობარ მოზარდს იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
როგორც ცნობილია, დაჭრილი ბიჭი თავისით, მოპედით მივიდა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
როგორც “მედალფას” დირექტორი დავით მდინარაძე ამბობს, ბიჭს მომხდარის შესახებ არაფერი უთქვამს.
“ბიჭი მოვიდა თავისი მოტოციკლით. აღენიშნებოდა ჭრილობა კისრის არეში. მისი გადმოცემით, მოტოციკლით გადაადგილებისას იგრძნო უცხო სხეულის მოხვედრა კისრის არეში”.
ოზურგეთის კლინიკიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოზარდი ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს.
“გამოძიება მიმდინარეობს 118-ე მუხლით. იდენტიფიცირებულია პირი”, _ გვითხრეს უწყებაში.