სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში წერს და პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ინფორმაციისთვის: 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.
პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენილა.
მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, – ნათქვამია განცხადებაში.