„ქართული ოცნების“ ჩოხატაურის ორგანიზაციაში დაპირისპირებაა. ამის მიზეზი პარტიულ სიაში ცვლილების შეტანაა _ როგორც გვითხრეს, მეათე ნომრად „მრეწველების“ წევრი შალვა ჩანტლაძე ჩასვეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩოხატაურის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.
„ოცნების“ რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თუ პარტიულ სიაში ჩანტლაძე დარჩება, არ არის გამორიცხული, მათ კენჭისყრაზე უარი თქვან:
_ ეს ინფორმაცია დაზუსტებით არ ვიცოდი და თუ ასეა, ბევრი კითხვა მექნება პარტიასთან, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გორებერეჟოულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით ტყეშელიაძემ.
დაბლაციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ჯიქია ამბობს, რომ ჩანტლაძის მსგავსად პრეტენზიები სხვების მიმართაც არსებობს:
_ მხოლოდ შალვაზე ვერ ვისაუბრებ. მასე რომ გავყვეთ, როგორც სიაში, ასევე, კანდიდატებად ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დედას აგინებდნენ. ზოგიერთი მათგანი არც კი ვიცი, ვინ არის. მეექვსე ნომერი თემურ ხუხუნაიშვილია, გოგოლესუბანში აკაკი ყაჭეიშვილია კანდიდატი. ასე პერსონალურად ბევრზე შეიძლება საუბარი. მათი პოლიტიკური წარსული რომ ბევრ კითხვებს ბადებს ფაქტია. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა, ვისი ბრალია, მაგრამ რაც ხდება, ძალიან ცუდია და ეს მხოლოდ ჩოხატაურში არ ხდება, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჯიქია.
მისივე თქმით, პრეტენზიები პოლიტიკურ ნაწილში მერობის კანდიდატის მიმართაც აქვს:
_ ირაკლი კუჭავაც არ ყოფილა მაშინ ჩვენს გვერდით. თავად კი ამბობს, რომ იატაკქვეშ იყო, მაგრამ მე არ მახსოვს მისი ბრძოლა „ქართული ოცნებისთვის“. თქვენ კითხეთ, სად იყო იმ დროს! პერსონალურად საუბარი ადამიანებზე არ გამოვა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პრეტენზიები ბევრის მიმართ არსებობს. ბევრი რამ არის მიუღებელი ჩემთვის მაგ სიაშიც და საერთოდაც. ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც დღეს 2 000 ლარი აქვს ხელფასი, ჩვენს გვერდით არ ყოფილა და ალბათ, ახლაც უკრაინის საზღვრთან არიან მიშას მოლოდინში.
_ და თუ ასეა „ქართული ოცნების“ გვერდით რატომ დგახართ?
_ მე არ ვდგავარ „ოცნების“ გვერდით, ისინი დგანან ჩემს გვერდით და მე აქ ვარ იმიტომ, რომ მაგათ ძირი გამოუთხარეს „ქართულ ოცნებას“. ჩემი მხრებით არის „ქართული ოცნება“ მოტანილი აქამდე. ციხეში მე ვიჯექი, მე მდევნიდნენ.
_ გინდათ თქვათ, რომ ეს ადამიანები „ოცნებას“ ძირს უთხრიან?
_ ახლა არა. ახლა, ყველა, „ოცნება“ კი არა „ზე ოცნება“ არიან. თავში გამოუთხარეს ძირი. კონკრეტულად არავისზე არ ვისაუბრებ. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ დღეს „ოცნების“ დროშების მოფრიალე ადამიანების უმეტესობა ისინი არიან, რომლებიც ჩვენ დაგვდევდნენ, ივანიშვილს მიწასთან ასწორებდნენ. ერთი ფეხი ადრე შეაყოფინეს, ახლა ბარემ მეორეც შეაყოფინონ და ვნახოთ, რას მოიგებენ! _ აღნიშნა ჯიქიამ.
ქვენობანი-ბუკნარი-ბასილეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გუდავაძე ამ თემაზე კომენტირებისას ერთი წინადადებით შემოიფარგლა: „ვაი, ჩემო დღეო!“
„ოცნების“ რამდენიმე მაჟორიტარმა პოზიციის ღიად დაფიქსირება არ ისურვა, თუმცა პირად საუბრებში გვითხრეს, რომ „ამ სამარცხვინო“ გადაწყვეტილების გამო პარტია ნამდვილად ინანებს.
ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ პარტიის ადგილობრივ შტაბში, კითხვებზე არ გვპასუხობს ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა:
_ შეხვედრაზე ვარ და ვერ დაგელაპარაკებით, _ გვითხრა მერობის კანდიდატმა.
_ ბატონო ირაკლი, კანდიდატების ნაწილი შაკო ჩანტლაძის სიაში ჩასმის წინააღმდეგია. ამბობენ, რომ ეს თქვენი პერსონალური გადაწყვეტილება იყო, რადგან ბიზნესმენმა ვასილ ჩიგოგიძემ გთხოვათ…
_ ამ სისულელეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ მცალია თან. შეხვედრაზე ვარ, _ გვითხრა კუჭავამ, რომლისთვისაც ვცადეთ, გვეკითხა, სად იყო 2012 წელს, თუმცა, როგორც მერობის კანდიდატმა გვითხრა, კითხვებზე მაშინ გვიპასუხებს, როცა მიიცლის (ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში ირაკლი კუჭავამ სატელეფონო შეტყობინება გამოგვიგზავნა: „ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. მიმართეთ ცენტრალური ოფისის პრესსამსახურს“, _ ცენტრალური ოფისისკენ გადაგვამისამართა კუჭავამ, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
შალვა ჩანტლაძის პარტიულ სიაში ჩასმასთან კავშირს უარყოფს ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძეც:
_ პირველად მესმის ეს თემა. არ ვიცოდი, შალვა თუ სიაში ჩასვეს. მე ამ საკითხთან კავშირი არ მაქვს და არც ირაკლი კუჭავასთან მაქვს ის ურთიერთობა რამე ვთხოვო და მან გაითვალისწინოს, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩიგოგიძემ.
თავად შალვა ჩანტლაძისთვის გაუგებარია, რატომ არის „ქართული ოცნების“კანდიდატების ნაწილი მისი წინააღმდეგი და ოპონენტებს ურჩევს, საფუძვლიანი პრეტენზიები წამოაყენონ:
_ არავინ ჩამირევია ამ საქმეში და არავისთვის მითხოვია სიაში ჩასმა. შემომთავაზეს და თანხმობა ვუთხარი. როგორც ვიცი, სიაში მეათე ნომერი ვარ.
ვინ და რატომ არის ჩემი წინააღმდეგი? დამისახელონ კონკრეტული ფაქტი, როდის და რა დავაშავე. მე არასდროს არ წავსულვარ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ჩემთვის გაუგებარია ეს პრეტენზიები, _ გვითხრა ჩანტლაძემ.