იუსტიციის უმაღლესი საბჭო კმაყოფილია იმ აკრძალვებით, რომლებიც სადავო პარლამენტმა ჟურნალისტებს დაუწესა სასამართლოს სხდომათა დარბაზებსა და ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღებაზე. მოსამართლეთა განწყობაზე “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ესაუბრა.
„იქ კატეგორიები და გამონაკლისები ჟურნალისტების მიმართ არ არის… [სასამართლოებში] სათავსო არის იმისთვის, რომ ეს ტელეფონები ხომ უნდა შეინახო და მერე ხომ უნდა დაუბრუნდეს… იმ საკანონმდებლო აქტის [გადაღების აკრძალვის] აღსასრულებლად არის ეს სათავსოები…
[ტელეფონები ჩამოერთმევა] ნებისმიერ პირს…
ჩვენ ვეთანხმებით მას იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიგვიღია, სასამართლო ხელისუფლებას. ვეთანხმებით იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს მართლმსაჯულებას“, – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ბოლო თვეების განმავლობაში სადავო პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი. 28 ივნისიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც სასამართლოს შენობასა და ეზოში აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა“ სასამართლოებისთვის იყიდა სპეციალური კარადები პატარა სათავსოებით – მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ მას მობილურების შეტანაზე აკრძალვის დასაწესებლად გამოიყენებდნენ.

































































