სახალხო დამცველი შეისწავლის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, 2026 წლის 4 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე სასწავლო წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით 2026 წლის 27 თებერვალს სახალხო დამცველი იმ მშობელთა ნაწილს შეხვდა, რომელთა შვილებს 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილავს კანონში ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების პროცესში რამდენად იყო დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ცვლილებებს ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე.



































































