დღეს ლანჩხუთის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელთაგან მხოლოდ ფრაქციის „ლანჩხუთი საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ.
სანამ ჯერი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებაზე მიდგებოდა, სიტყვა ზემოთ ნახსენები ფრაქციის წევრმა ჯუმბერ ბლაგიძემ ითხოვა, რაზეც დასტური მიიღო კიდეც საკრებულოს პირველი პირისგან, ბესიკ ტაბიძისგან.
„გასული წლის ბოლო სხდომაზე მერმა გააკრიტიკა ოპოზიცია და ხელფასებზე გააკეთა აქცენტი. რომ ბიუჯეტის განხილვაში არ მონაწილეობენო. ამის პასუხად მინდა ვთქვა, რომ როცა ეს საკრებულო აირჩიეს, მაშინ ჩვენ არ მიგვაღებინეს ბიუჯეტი, ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა. შემდეგი ორი წლის ბიუჯეტის განხილვაში ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული, თუმცა, არც ერთი ჩვენი წინადადება გათვალისწინებული არ ყოფილა. რა აზრი აქვს ასეთ შემთხვევაში ჩვენს მონაწილეობას?!
ჩვენი სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს და სანამ თუნდაც ერთი ძალოვანი არ იქნება დასჯილი უკანონო ქმედებისთვის, მანამ ოპოზიცია არ აპირებს დაესწროს საკრებლოს სხდომებს“, _ განცხადება გააკეთა ჯუმბერ ბლაგიძემ და თანაფრაქციელებთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვა.
ბლაგიძის ამ გამოსვლას კი მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან ხმაური მოყვა. განსაკუთრებით აქტიური „ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელი, ია მოქია იყო. „ოცნება“ ოპოზიციას რეგლამენტის არცოდნაში ადანაშაულებდა. „კაი, დაანებე თავი“, _ მოქიას დამშვიდება დეპუტატმა ალექსანდრე მახათაძემ ითავა.
„დავალება აქვთ ასეთი“, _ ადგილიდან რეპლიკა ისროლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ემზარ თევდორაძემ. „ყურადღებას ნუ მივაქცევთ, გავაგრძელოთ სხდომა“, _ თქვა ტაბიძემ და დღის წესრიგის დამტკიცების პროცედურას შეუდგა.
სხდომათა დარბაზში მარტოდ დარჩენილმა მმართველმა გუნდმა სწრაფადვე განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ჯერი სხვადასხვაზეც მიდგა, აქ კი სიტყვა დეპუტატმა ნინო მშვიდობაძემ ითხოვა: „მინდა ბლაგიძის დებოშს გამოვეხმაურო“. „მინდა განცხადება გავაკეთო ჩვენი და მათი ამომრჩევლების საყურადღებოდ, რომ მათ მხარი დაუჭირეს იმ ადამიანს, ვინც იძალადა პოლიციელზე. საგულისხმოა ისიც, რომ ამას მხარი დაუჭირა ყოფილმა პოლიციელმა მაკა მშვიდობაძემაც. ამ მათი ქმედების მიხედვით ნათლად ჩანს, რას წარმოადგენს ეს ხალხი და რამდენად არასამართლებრივად იქცევიან“, _ განაცხადა მშვიდობაძემ. „არასახელმწიფოებრივად“, _ დაამატა ალექსანდრე მახათაძემ.


































































