აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფო ლოქაბიძემ „იმედი LIVE”-ს ეთერში გამოსახლების პროცედურებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციებზე ისაუბრა.
„აღსრულების ბიუროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ სასამართლო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა იგრძნოს სასამართლოს გადაწყვეტილების რეალური შედეგი და სწორედ ამიტომაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას. ყველას მოგვეხსენება, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური არჩევანი სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაა და სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ არ იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული. იმისათვის, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები და კანონი იყოს დაცული, არსებობს ერთ-ერთი მეთოდი – სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულება. ზოგადადაც, ნებისმიერი ადამიანის, მოქალაქის სურვილია, რომ ვცხოვრობდეთ სამართლებრივი წესრიგის პირობებში და არა ანარქიის, რომელსაც იწვევს კანონის აღუსრულებლობა. აღსრულების ბიუროს ფუნქციაა ძირითადი უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტირება. პრაქტიკული მაგალითით რომ წარმოვიდგინოთ, ორ პირს შორის დადებულია სამოქალაქო გარიგება და ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულება დაირღვა, დასაწყის ეტაპზე მხარეები ცდილობენ, მორიგდნენ, მაგრამ თუკი მორიგება ვერ მიიღწევა, იმ პირს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა, უწევს, წავიდეს დავის მოსაგვარებლად სასამართლოში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ცხადია, დავის მონაწილე ერთ-ერთი პირისთვის შესაძლოა, არ იყოს სასურველი. თუმცა, კონსტიტუცია ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობას და სწორედ ამიტომაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა, სასამართლოს მიერ დადგენილი შედეგი რეალურად განხორციელდეს”, – განაცხადა სოფო ლოქაბიძემ.