საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭომ გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. აღნიშნულ შემთხვევაში უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, თუმცა დამატებითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საჭირო ნაბიჯების ეფექტურობას.