საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ლანჩხუთის „გურიას“ სახელოვან ვეტერანებს: ბეგი სიხარულიძეს, თემურ ჩხაიძეს და გია იმნაძეს “სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა.
ამასთან, 2019 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ლანჩხუთელი ხატია ჭყონია გახდა, ხოლო 2019 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელის ტიტული, ასევე, ლანჩხუთელ რევაზ კუკულაძეს ერგო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას სასტუმრო „შერატონმა“ უმასპინძლა. GFF AWARDS 2019-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს.