რით გამოირჩევიან ერთმანეთისგან სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებნი?! რა თქმა უნდა, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, განსხვავებული ტრადიციები აქვთ და, კიდევ… მათი ცხოვრების სტილია რადიკალურად და ძალიან საინტერესოდ განსხვავებული…
კანადა – ეს არის ქვეყანა, რომლის მცხოვრებნიც ყველაზე ტოლერანტულად არიან განწყობილნი ჩამოსულების მიმართ. აქ ყველანაირად უჭერენ მხარს ემიგრანტებს და პირიქით, კანადა ემიგრანტებზე დგას – ისინი პოზიტიურ გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკაზე. ფრანგების, ინგლისელებისა და ირლანდიელი კოლონიზატორების შთამომავლები აქ 200 წლის წინათ მოვიდნენ. სწორედ ისინი იყვნენ პირველი ემიგრანტები. კანადაში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული 34 ეთნიკური ჯგუფი, რომელთა შორის ყველაზე მსხვილია: გერმანელების, იტალიელების, ჩინელების, უკრაინელების, ჰოლანდიელებისა და პოლონელების. კანადა დაინტერესებულია სამუშაო ძალის მოზიდვით. კანადელების 30 პროცენტისთვის არასასურველი მეზობელია ჰომოსექსუალი, 58 პროცენტისთვის – სასმელზე დამოკიდებული და მხოლოდ 10 პროცენტისთვის – წამალდამოკიდებული ადამიანი.
ბრაზილია – აქ თითქმის სულ ცხელა და საცურაო კოსტუმი ყველაზე აქტუალური სამოსია. ამიტომ ბრაზილიელი ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკუთარი სხეულის ფორმებს. ბრაზილიაში ყვავის პლასტიკური მედიცინა. აქ თითქმის ყოველ მესამე ქალს „გაკეთებული“ მკერდი და დუნდულები აქვს. ბრაზილიაში ყველაზე აქტუალური დღეს სწორედ ეს არის და, ამიტომ, ლამის სილიკონის მთელი მარაგი ამოიწუროს. ბრაზილიაში ადვილად გახდები მზეთუნახავი: ლიპოსაქცია, მკერდის, დუნდულების პლასტიკა, ცხვირის, თვალის ჭრილის, ნიკაპის, ტუჩის კორექცია და – „მის ბრაზილიაც“ მზად არის.
შვედეთი – აქ ყველაზე პატიოსანი და წესიერი ხალხი ცხოვრობს. ავტობუსის გაჩერებაზე ხელჩანთა დაგრჩათ? რა პრობლემაა! მეორე დღესაც რომ მიაკითხოთ, ხელუხლებელი იქვე დაგხვდებათ. მუზეუმებში და კინოთეატრებში მოლარე არ გაგაკონტროლებთ – იქ არავინ იკადრებს უბილეთოდ შესვლას. სპორტდარბაზების ჰოლებში მაგიდები სავსეა წვენებითა და ხილით. მიირთვი? გადახდის ყუთიც იქვეა – თქვენ ხომ წესიერი მოქალაქე ბრძანდებით.
იტალია – მიირთვი?! ღმერთმა შეგარგოს! იტალიელისთვის ჭამა ჭეშმარიტი სიამოვნებაა და სხვანაირად ვერც წარმოუდგენია. იტალიაში საჭმელი საჭმელზე გაცილებით მეტია – აქ საკვები ოჯახს აერთიანებს, ადამიანებს აახლოებს და ამეგობრებს.
ავსტრალია – ავსტრალიელისთვის მისი სახლი ყველაფერია. საცხოვრებელს აქ ადვილად შეიძენ, მთავარია, ექვსი თვის მუშაობის სტაჟი მაინც გქონდეს. კრედიტს 30 წლით მოგცემენ. ვისაც შესაძლებლობა აქვს, რამდენიმე სახლს ყიდულობს და მერე აქირავებს, ანუ მათ სახლების შეძენა უყვართ, თუმცა, ასევე, უყვართ ქალაქიდან ქალაქში გადასვლაც. საინტერესო ის არის, რომ ასაკოვნებიც ისევე ადვილად შეელევიან ხოლმე თავიანთ „ციხესიმაგრეს“, როგორც ახალგაზრდები. წინ ახალი მიწების „აღმოსაჩენად“.
ავტორი