ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია, უკრაინის წინააღმდეგ, აგროვებს ძალებს და ამზადებს ახალ შეტევებს, რუსული ძალები უკრაინიდან არ გადიან, არამედ გადაჯგუფდებიან – ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს დაზვერვა ვერ ხედავს უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას. ალიანსი იმსჯელებს მხოლოდ რუსეთის ქმედებების საფუძველზე და არა მისი სიტყვების საფუძველზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავის ნაწილები უკრაინიდან და გააგრძელოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
„ჩვენი სადაზვერვო მონაცემებით, რუსული ქვედანაყოფები არა უკან იხევენ, არამედ გადაჯგუფდებიან. რუსეთი ცდილობს გადაჯგუფდეს, მომარაგდეს და გააძლიეროს შეტევა დონბასის რეგიონში. ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შემტევ მოქმედებებს, რაც კიდევ უფრო მეტ ტანჯვას მოიტანს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა, ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან მოსკოვის სამხედრო მიზანი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ არ შეცვლილა.