ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამკაციანი სიის წარსადგენად ქვეყნის შიგნით დღეს კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია, რაც შეეხება კიდევ ორ წარდგენილ კანდიდატურას, სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა არის ხანმოკლე. საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის მოსამართლეობის 3 კანდიდატი 1 ივნისს შეარჩია _ ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე. შემდეგ ტურში მხოლოდ ლადო ჭანტურია გადავიდა.
ახალი მოსამართლის არჩევამდე, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოსამართლე ნონა წოწორიაა.
მანამდე ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოდან წარდგენილი სია – ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი – 24 იანვარს ჩააგდო.
ამჯერად, კი ახალი კონკურსი მხოლოდ სოფო ჯაფარიძის და შოთა გეწაძის შემცვლელებთან დაკავშირებით გამოცხადდება. ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საბუთების შეტანის ბოლო ვადა 25 აგვისტო იქნება.