სწავლის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა, რომ ბაკალავრის ხარისხი, 4 წლის ნაცვლად, 3-ში, ხოლო მაგისტრის ხარისხი, 2-ის ნაცვლად, ერთ წელში მიიღოს, სულ მალე მიეცემათ. შესაბამისი ცვლილებების დამუშავება უკვე დაწყებულია.
ბაკალავრის ხარისხის 3 წელში მიღების შემთხვევაში, ცვლილებების განსახორციელებელი განკარგულება უკვე გაცემულია. მაგისტრატურის შემთხვევაში კი, დოკუმენტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. ინიციატორი განათლების სამინისტროა. დოკუმენტი უწყებაში ევროპული და ამერიკული მოდელების მიხედვით მომზადდა. პირველ ეტაპზე, ცვლილება მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას შეეხება.
იმაზე, რომ სრულყოფილი განათლების მიღება 3 წელშიც შესაძლებელია, თანხმდებიან კერძო თუ სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში. სასწავლო წლების შემცირების გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ სწორედ მათთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მიიღო. დღეს უნივერსიტეტების ნაწილს ახალი, 3-წლიანი სასწავლო საბაკალავრო პროგრამა უკვე მზად აქვს.
განათლების რეფორმის განხორციელების ფარგლებში, ეს ერთადერთი სიახლე არ არის. სამინისტრო მსგავსი მოდელის დანერგვას, სამომავლოდ, ყველა ფაკულტეტისთვის გეგმავს.
კონკრეტული ვადები, თუ როდის შეეძლებათ სტუდენტობის მსურველებს 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამით სარგებლობა, ჯერ უცნობია. ახლა ყველაფერი უნივერსიტეტებზეა დამოკიდებული. სწორედ მათ უნდა შეიმუშაონ შესაბამისი პროგრამები, გაიარონ აკრედიტაციები და დაიწყონ სტუდენტების მიღება.
რუსთავი2