ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს.
დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა.
„ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ.
დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას“, – განაცხადა სუბარმა.