პოლიციამ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აცხადებენ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ “ლიბრეში”, კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“.