სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

































































