“ტაბულას” რეპორტიორს ნიკოლოზ ჭირაქაძეს სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით იბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.
“ტაბულას რეპორტიორს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო ზარით აცნობა, რომ 17 იანვარს მან რუსთაველზე გზა გადაკეტა და ამის გამო, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.
ნიკოლოზ ჭირაქაძე 17 იანვარს რუსთაველის გამზირზე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ეკიდა პრესის ბარათი.
მეტიც, ნიკოლოზ ჭიქარაძე იმავე დღეს ტაბულას პირდაპირ ეთერში აშუქებდა საპროტესტო აქციას. ამავე პირდაპირ ეთერში მან პოლიციას თავიც წარუდგინა (ვიდეო კომენტარებში).
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ტაბულა ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ექსტრაორდინარული სიტუაციის, ჟურნალისტების წამებისა და ცემის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს პროფესიული სტანდარტის ორდინარული წესების დაცვით”,_ აცხადებს “ტაბულა”.