პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება თუ ვერ შედგება, მოლაპარაკების ბოლო რაუნდიც დაიხურება.
„თებერვლის ბოლოს, შეთანხმება თუ არ შედგა, პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების გახორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. 100/50 – ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, რაც არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში და ის ითვალისწინებს პროპორციული მანდატების მნიშვნელოვნად გაზრდას და შესაბამისად, მაჟორიტარული მანდატების მნიშვნელოვნად შემცირებას.
დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ შეთანხმება მოხდეს და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, ეს არის კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება; მაგრამ, როგორც ვხედავ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ერთადერთ ამოცანად დესტრუქცია აქვს, რადგან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან არჩილ თალაკვაძემ.