“60 მლნ ლარი დამატებით სწორედ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოიყოფა და დედაქალაქის განვითარებას მოხმარდება,”_ განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრის შემდგომ.
შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, სადაც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
როგორც შეხვდრაზე აღინიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება და მასში თბილისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებები და ის პროექტები აისახება, რომლებიც დედაქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია.
“2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის დაახლოებით, 60 მილიონით გაიზრდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანხები კონკრეტულ პროექტებზე იქნება მიმართული. ეს არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება, რადგან იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი“, _ განაცხადა კახა კალაძემ.
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განმარტებით კი 2018 წლისთვის ქალაქის მერიას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი.
„საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აღნიშნული პროექტები შეისწავლა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზარდოს. თანხები მიზნობრივად მიიმართება და მათი ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას მოხმარდება და ამასთან ერთად, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის“, _აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
უახლოეს დღეებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დასრულდება, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები აისახება და დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.