თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ფინანსურ დოკუმენტს ორის წინააღმდეგ, საკრებულოს 38-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
საკრებულოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა, ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები კი, დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.
2018 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები – 3,4 მლნ ლარით გათანაბრებითი ტრანსფერი და 43,0 მლნ ლარი სპეციალური ტრანსფერი, რომელიც მშრალი ხიდის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისთვის მიიმართება.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 2017 წელს თბილისის ბიუჯეტს 14,0 მლნ ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ახალი შემადგენლობების დასამატებლად დაემატება.
2018 წელს ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 338,7 მლნ ლარი მიიმართება, რაც 2014 წელთან შედარებით, 158,8 მლნ ლარით მეტია და ბიუჯეტის მოცულობის 39%-ს შეადგენს.
2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 11 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულება. ასევე, 2018 წელს იგეგმება 10 ახალი ბაღის პროექტირება-მშენებლობის დაწყება.
განხორციელდება სამი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ასაშენებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, აქედან ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყება.
სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით გათვალისწინებულია 307,1 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის მოცულობის 35,7 % შეადგენს. 2018 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებას ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კომპონენტები ემატება.
გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება, რაც პროგრამაში დამატებით 120 ბავშვის ჩართვის შესაძლებობას იძლევა.