თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.
“გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა”, – დაწერა ჭიაბერაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ნეიროქირურგი გიორგი (გოგი) მაღალაშვილია. არსებული ინფორმაციით, მომხდარი მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.