პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა შესანიშნავად ასპარეზობს.
მან 5-დან 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა რითაც 4,5 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილს მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენსა და მსოფლიო თასის გამარჯვებულ პოლონელ იან კრიშტოფ დუდასთან ერთად ინაწილებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი დიდოსტატი, რომელიც ძალიან ბევრ შეჯიბრებაზე უბრალოდ არ გამოდის, მოჭადრაკეთა მსოფლიო რეიტინგში 261-ე ადგილს იკავებს.
ჯობავამ კლემენტი სიჩოვი, ეჰსან ღაემ მაღამი, მარჩინ ძიუბა და მურადლი მოჰამადი დაამარცხა, ხოლო იან კრიშტოფ დუდასთან ფრედ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში ქართველი დიდოსტატი მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდება. თეთრი ფიგურებით ჯობავა ითამაშებს.
ნორვეგიელმა, რომელიც ამჟამად ჭადრაკის სამივე სახეობაში (კლასიკური, ბლიცი, სწრაფი) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობს, პირველ ტურში მერაბ გაგუნაშვილს ძალიან დაძაბულ მატჩში სძლია. თითქოს, ქართველს ფრე განაღდებული ჰქონდა, თუმცა 103-ე სვლაზე შეცდომა დაუშვა და შეხვედრა დათმო. მერაბ გაგუნაშვილი პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ მოპოვებული 1,5 ქულით 147-ე ადგილზეა.
კიდევ ერთი ქართველი გიგა ყუფარაძე, რომელმაც 5-დან 3 დაპირისპირება მოიგო, 3 ქულით 49-ე ადგილს იკავებს.
წყარო: popsport.com