18 წლის სოსო ჩახვაძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ცხოვრობს, ახლახან საქართველოს პირველობაზე სამჭიდში, 18-19 წლიანთა ჯგუფში, რეკორდი დაამყარა, ასწია 285 კგ.
_დავაფიქსირე საქართველოს რეკორდი 19 წლამდელთა შორის, საქართველოს ღია პირველობაზე ძალისმიერ სპორტში. ეს ჩემთვის ძალზე სასიხარულოა და ვემზადები მომდევნო გამარჯვებებისთვის, _ თქვა სოსო ჩახვაძემ „გურია ნიუსთან“.
სოსიკო, როგორც მას სოფელში სიყვარულით ეძახიან, პატარა ასაკიდანვე უჩვეულო ჟინით შეუდგა საყვარელ სპორტულ საქმიანობას. გამუდმებული ვარჯიშით, დილაადრიან სოფლის გზატკეცილზე სირბილით, თვითნაკეთი მძიმე ნივთების სახით, სიმძიმეების აწევით იწყებოდა და იწყება მისი ყოველი დღე. მისი სპორტული ჟინი უკიდეგანოა. „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ამის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ის სპორტულ ღონისძიებებზე ისე დადის, ჯერჯერობით, სამგზავრო თანხის სპონსორიც კი არ ჰყავს, ოჯახის გარდა. ახალგაზრდას სერიოზულად სჭირდება ყურადღების მიქცევა სპორტული სამსახურების, ხელისუფლების მხრიდან, რათა მისი უსაზღვრო შესაძლებლობები უფრო საინტერესო გახდეს და ოლიმპიურ სპორტულ სახეობათა ჩამონათვალში მოექცეს.
ვულოცავთ სოსო ჩახვაძეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ულევ წარმატებებს ვუსურვებთ.
ავტორი