თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილში, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე 24 საათის განმავლობაში არსებული როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. ტემპერატურის განსაზღვრა უნდა მოხდეს იმავე მარკის ავტომობილშიც, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.
„საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად, შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათის განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში, დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, ამინდის ცვლილების გამო, ექსპერიმენტი დაგვიანებული არ არის, თუმცა, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რამდენად ზუსტი შედეგები იქნება ექსპერიმენტის დასრულებისას.
































































