პირველი დეკემბრიდან, სამი დიდი სეგმენტის მიმართულებით დავიწყეთ მწვანე პასპორტის გამოყენება. ჯერჯერობით, ჩვენი მონიტორინგი მეტად მხარდამჭერი ხასიათის იყო, რადგან, მნიშვნელოვანია დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდეგ – მითითება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია ის, რომ პროცესი დაიძრა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში.
ის მიუღებელს უწოდებს პასპორტების გაყალბების მცდელობას და აღნიშნავს, რომ უწყება, ამ მიმართულებით, ყურადღებას გამოიჩენს.
„სამწუხაროა და ჩვენთვის საყურადღებოა, რომ სწორედ პირველი დეკემბრიდან რამდენიმე დღეში, გაყალბების პირველი მცდელობა გამოვლინდა; მწვანე საშვის საფუძველი რაც არის – რეგისტრაციის დოკუმენტაცია ვაქცინაციის თაობაზე, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი არაფერი განმეორდება. ეს დიდი ყურადღების საგანი იქნება ჩვენგან. სხვა მხრივ, ვფიქრობთ, რომ პროცესი დაიწყო და ჩვენ გვექნება მეტი დასკვნის საშუალება, თუ როგორ მოქმედებს, რა სარგებელს მოიტანს და შემდეგ, ამის მიხედვით, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მის გაფართოებაზე და იმაზე, რა მიმართულებით იქნება უფრო გონივრული და შედეგიანი მწვანე საშვის მოთხოვნების გამკაცრება“, – განაცხადა გაბუნიამ.
წყარო: იმედინიუსი