დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რადგან აშშ, საფრანგეთი და გერმანია უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ნაადრევი დათმობებისკენ უბიძგებენ,– ამის შესახებ გამოცემა The Times-ის საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მთავრობის მაღალჩინოსანმა წყარომ თქვა, რომ არსებობს შეშფოთება, რომ მოკავშირეები “ზედმეტად მონდომებულნი” არიან რომ მშვიდობის შენარჩუნების მიზნით მიღწეული იქნას ადრეული შეთანხმება და დასძინა, რომ მოგვარების მიღწევა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინა იქნება ყველაზე ძლიერ პოზიციაზე.
გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ პუტინი, როგორც “მატყუარა და მოძალადე”, მოლაპარაკებებით ეცდება უკრაინის მხარის “დათრგუნვასა და დათმობის იძულებით მიღწევას”.
29 მარტს სტამბოლში თურქეთის ხელისუფლების მედიაციით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა.