„ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად სცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა. მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს. ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად. იმ საქმეებზე, რომელიც ჯერ კიდევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს და მის წინააღმდეგ ბრალდებები სრულად იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“,- განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, “ამერიკის ხმის” პროგრამაში “ხედვა ვაშინგტონიდან”.
ჩოხატაურში მყოფმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა კელი დაგნანის განცხადებაზე შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: “ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ის ხალხი, ის ჯგუფი, ის ადამიანები, ვინც პირადად მე და ჩემი გუნდის სხვა წევრებს 2012-2013 და მომდევნო წლებში გვიყიჟინებდა, რომ არავინ არ შეცვალოთ სასამართლო სისტემაში, არ განახორციელოთ რეფორმა და ასე შემდეგ, დღეს თვლიან, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არ არის წელგამართული. ამჯერადაც ჩვენ ვართ სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ვიყავით მაშინ. მე ვთვლი, რომ იმ რეფორმების წყალობით, რომელმაც ოთხი ტალღა გაიარა, პლუს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ, უამრავი საპროცედურო ნორმა შეიცვალა, რამაც ადვოკატი და პროკურორი რეალურად თანასწორუფლებიან მხარედ აქცია სასამართლო დარბაზში, პროცესები გახდა გამჭვირვალე და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ვთვლი, რომ ქართული სასამართლო დღეს არის უფრო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და უფრო კომპეტენტური, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა ჩვენ მათზე ზრუნვას, სასამართლო ხელისუფლებაზე ზრუნვას, რეფორმების თუ ადმინისტრაციული პრაქტიკების გაუმჯობესების კუთხით, როგორც ხელისუფლება ვაგრძელებთ, მაგრამ დაე, ნურავის ეწყინება, არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე. ამიტომ, პატივი ვცეთ ქართველ მოსამართლეს, კეთილი ვინებოთ და ნუ შეურაცხყოფთ ქართველი მოსამართლის შეურაცხყოფით ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ ხალხი შეიძლება არის ჩუმად, მაგრამ შეურაცხყოფას ისმენს და იმახსოვრებს. ჩვენ კი ვართ პარტნიორები, ამიტომ პარტნიორებს შორის უნდა მოვიქცეთ პარტნიორულად”, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი